საბავშვო ლიტერატურა

10 საბავშვო წიგნი თავგადასავლებით სავსე ზაფხულისთვის


ზაფხული ის სეზონია, რომელსაც მოუთმენლად ელიან პატარები. წელიწადის ეს დრო მზიან ამინდებთან, თამაშებთან, ახალი ადგილების აღმოჩენასთან და მოგზაურობასთან ასოცირდება. ხშირად ზაფხულს იმიტომაც ველით, რომ ყველაზე მეტი დრო გვაქვს წიგნების კითხვისთვის.
თუმცა, ბავშვებს ყველაზე მეტად გარეთ სირბილი, ბურთის თამაში ან მდინარეზე წასვლა უნდათ; როგორ მოვახერხოთ, რომ მათი დღის განრიგში წიგნის კითხვაც იყოს? ამისთვის საჭიროა შევარჩიოთ ისეთი ლიტერატურა, რომელიც მსუბუქი წასაკითხი და ასაკისთვის შესაფერისი იქნება. დღევანდელ სტატიაში გირჩევთ წიგნებს 7-12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რომლებსაც ბიჭებიცა და გოგონებიც დიდი ინტერესით წაიკითხავენ.

1. ცნობილი ხუთეული



მაშ ასე, სიის პირველი წიგნი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბავშვო მწერლის, ინგლისელი ენიდ ბლაიტონის "ცნობილი ხუთეულია". ენიდ ბლაიტონის წიგნები მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი და 500 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. მწერალმა 600-ზე მეტი ნაწარმოები შექმნა. მისი ყველაზე პოპულარული სერია სწორედ "ცნობილი ხუთეულია", რომელიც 1942 წელს დიდ ბრიტანეთში გამოიცა. 2018 წლის მაისში კი სერიის პირველი წიგნი ქართულად ითარგმნა.
რა გამოარჩევს ენიდ ბლაიტონს სხვა მწერლებისგან? მისი ნაწარმოებების კითხვის პროცესი იმდენად ამაღელვებელია, რომ ერთადერთი კითხვა გიტრიალებს თავში: რა დამხვდება მომდევნო გვერდზე?
ბლაიტონის შექმნილ ყველა პერსონაჟს მისთვის დამახასიათებელი უნიკალური თვისებები აქვს, რომლებთან საერთოსაც მარტივად პოულობენ პატარა მკითხველები.
ცნობილი ხუთეული ასე გამოიყურება: ჯულიანი, დიკი, ენი, ჯორჯი და ტიმი. ჯულიენი, დიკი და ენი და-ძმანი არიან, ისინი თავიანთ ბიძაშვილთან ჯორჯთან მიემგზავრებიან საზაფხულო არდადეგების გასატარებლად, რომელსაც სინამდვილეში ჯორჯინა ჰქვია, მაგრამ ყველა ჯორჯს ეძახის... ტიმი მათი ძაღლი და ყოველდღიური თანამგზავრია. სერიის პირველ წიგნში მოქმედება კუნძულ კირინზე ვითარდება, სადაც ხუთეული იდუმალებითაა მოცულ ციხესიმაგრეს აღმოაჩენს.
2. წრიპა ბიჭი - დიდთოვლობა


ჯეფ კინი ‒ გასული საუკუნის მიწურულს ეს სახელი და გვარი მკითხველისთვის არაფრის მთქმელი იყო, თუმცა დღესდღეობით მის წიგნებს მსოფლიო მასშტაბით დღეში 70,000-ზე მეტი ბავშვი კითხულობს. სერია განსაკუთრებით მიმზიდველია იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც კლასიკური ლიტერატურა ნაკლებად უყვართ. თუმცა როგორც კვლევები ადასტურებს: მთავარია, ბავშვებმა თავად აირჩიონ წიგნები – ეს საუკეთესო გზაა წიგნებთან დასაახლოვებლად. ამიტომ „წრიპა ბიჭის დღიური“ პატარა მკითხველებისთვის ხშირად „პირველი ნაბიჯია“ – სერიის დახმარებით ისინი ხვდებიან, რომ წიგნის კითხვა ნამდვილად სახალისოა. შეიძლება, თქვენი შვილები საერთოდ არ აწარმოებენ დღიურს, რომელშიც ყოველდღიურად მომხდარ ამბებს აღწერენ, მაგრამ გრეგ ჰეფლი მათი საუკეთესო მეგობარი „დღიურის“ გადაშლისთანავე გახდება. წრიპა ბიჭი მოგვითხრობს ამბებზე, რომლებიც ყველა თანამედროვე მოზარდისთვის ნაცნობია: ოჯახური ურთიერთობები, მეგობრები, სკოლა და კლასელები. თუკი თქვენი ბავშვი კარგად იცნობს წრიპა გრეგს, შეგიძლიათ გაახაროთ, რადგან ძალიან მალე გრეგი სერიის ახალი წიგნითა და ახალი ისტორიით დაგვიბრუნდება. „დიდთოვლობა“ ყველაზე ცხელ თვეში – აგვისტოში – გამოვა და წიგნში აღწერილმა ამბებმა იქნებ ცოტა გაგვაგრილოს კიდეც.
3. ულისი


სერია საოცრებას უკვე თავისი ისტორია აქვს, რომელიც ყველაზე საოცარ ბიჭს - ავგუსტს უკავშირდება. სერიაში შესული თითოეული წიგნი მკითხველს უკეთესს ხდის და უჩენს სურვილს #აირჩიოსსიკეთე. ამ სერიის საშუალებით ბევრი საინტერესო პერსონაჟისა თუ მწერლის შესახებ შეიტყო მკითხველმა. ამ ზაფხულს სერიას ახალი წიგნი ულისი შეემატება, რომელიც თანამედროვე ნორვეგიელი მწერლის, ინგუნ თონის მიერ არის შექმნილი, ნორვეგია კი, როგორც იცით, საბავშვო ლიტერატურის შესანიშნავი ტრადიციებით განსაკუთრებით გამორჩეული ქვეყანაა. ინგუნ თონი მარიონეტების თეატრის მსახიობი და ნორვეგიული საბავშვო არხის სცენარისტია. ის საბავშვო სატელევიზიო და რადიოგადაცემების წამყვანიც გახლავთ. ინგუნს პატარებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს და მისი ნაწარმოების პერსონაჟებიც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი მარტივად გახდებიან.
მისი სადებიუტო წიგნი ულისი ნამდვილ მეგობრობაზე, ოჯახსა და სიმამაცეზე მოგვითხრობს. ულისი ათი წლის გოგონაა, რომელსაც, რაც თავი ახსოვს, დედასთან ერთად მწვანე სახლში ცხოვრობს, მაგრამ ერთ დღესაც ყველაფერი იცვლება: მათ ოჯახში პატარა, საყვარელი ძამიკო იანი ჩნდება და იანთან ერთად მისი მამიკოც – სისუფთავისა და წესრიგის მოყვარული აინარი, რომელიც გოგონას პატარა ბავშვივით ექცევა.
საბედნიეროდ, ულისს საუკეთესო მეგობარი ჰყავს – გრუ – რომელიც მის მეზობლად ცხოვრობს. გრუ მთელ სკოლაში ყველაზე ყოჩაღი გოგოა და ძალიან კეთილი გული აქვს. ის და ულისი ერთმანეთს არაფერს უმალავენ, თუმცა არსებობს ისეთი საიდუმლოც, საუკეთესო მეგობარსაც რომ ვერ გაანდობ...
ერთხელაც ულისი და გრუ ტყეში სეირნობისას წერილებით სავსე ყვითელ საფოსტო ყუთს იპოვიან. ერთ-ერთი წერილი ულისის სახელზეა და სწორედ მასში იმალება საიდუმლო, რომელსაც თქვენც შეიტყობთ, როცა ამ წიგნს წაიკითხავთ.
4. ბალადა გატეხილ ცხვირზე


სიას კვლავ ნორვეგიელი მწერლითა და სერია საოცრებით ვაგრძელებთ. არნე სვინგენი სულ ცოტა ხნის წინ იყო საქართველოში და ქართველ მკითხველსაც შეხვდა.
ბალადა გატეხილ ცხვირზე 13 წლის ბარტზე მოგვითხრობს, რომელსაც, ასაკის მიუხედავად, საერთოდ არ აქვს დალხენილი ცხოვრება. ის პრობლემებს აწყდება ოჯახში, სკოლაში და თითქმის ყველგან, სადაც ყოველდღიურად უწევს ყოფნა; მაგრამ 13 წლის ბიჭი ცხოვრებისეულ სირთულეებს ოპტიმიზმითა და იმედით ებრძვის. ბარტს ერთი საიდუმლო აქვს: ოპერა უყვარს და საოპერო არიებს მღერის. მაგრამ ამის შესახებ კლასელებმა არაფერი იციან. კლასელებმა არც ის იციან, რომ ბარტი ერთოთახიან ბინაში ცხოვრობს, ლოთებითა და ნარკომანებით სავსე უბანში; რომ ბარტის დედას სტაბილური სამსახური არ აქვს და ზოგჯერ ელექტროენერგიის საფასურსაც ვერ იხდიან.
ამ ყველაფერის მიუხედავად, წიგნი საოცრად პოზიტიური და იმედის მომცემია. მკითხველი კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ არაა აუცილებელი იყო ისეთი, როგორიც "სხვები" არიან და საუკეთესო არჩევანი ისევ და ისევ სიკეთეა.
5. მატილდა (9-10 წლიდან)


"როდესაც კეთილი ფიქრები გაქვს, ისინი შენს სახეზე მზის სხივივით ანათებენ და ყოველთვის მშვენივრად გამოიყურები" - ამ სიტყვების ავტორი ბრიტანელი საბავშვო მწერალი როალდ დალია. ვფიქრობ, მის შესახებ აუცილებლად გსმენიათ რამე, ეს ხომ ის მწერალია, რომელმაც ჩარლი და შოკოლადის ქარხანაშექმნა, ამ ნაწარმოებმა მას საქვეყნოდ გაუთქვა სახელი. დღეს მის ორ წიგნსა და ორ ცნობილ პერსონაჟს მატილდასა და დიგეკოს გაგაცნობთ.
"მას სურდა, აფრიკაში წასულიყო ერნესტ ჰემინგუეისთან ერთად და ემოგზაურა ინდოეთში რადიარდ კიპლინგთან. ის მოგზაურობდა მსოფლიოს გარეშემო, როდესაც თავის პატარა ოთახში იჯდა, ინგლისურ სოფელში...", - ასე ახასიათებს თავად მწერალი მატილდას. მატილდა ვუნდერკინდია – განსაკუთრებული ნიჭის მქონე გოგონა. პირველ კლასში შესვლამდე არა მარტო წერა-კითხვა და ანგარიში იცის, არამედ სქელტანიან რომანებსაც კითხულობს. მატილდას მშობლები უგულო და უყურადღებო ხალხია; არც გოგონას სწავლა-განათლებაზე ზრუნვით იკლავენ თავს და მის განსაკუთრებულ ნიჭსაც ეჭვით უყურებენ, უფრო სწორად, საერთოდ ვერ ამჩნევენ...
მატილდას სკოლაში ვეება, პირქუშ და ბრაზიან ქალთან უწევს გამკლავება, რომელსაც ყველა ბავშვი სძულს. გონიერი გოგონა, კეთილი და გულისხმიერი მეგობრების დახმარებით მოძალადე დირექტორსაც ასწავლის ჭკუას და უსულგულო მშობლებისგანაც სამუდამოდ დაიხსნის თავს.
6. დიკეგო (9-10 წლიდან)


როალდ დალს უამრავი საბავშო წიგნი აქვს დაწერილი, თუმცა თავისი ნაწარმოებებიდან ყველაზე მეტად დიკეგო უყვარს. სახელი უცნაურად ჟღერს, არა? წიგნს ორიგინალში BFG ჰქვია და დიდ კეთილ გოლიათს ნიშნავს. სათაური უკვე გვაფიქრებინებს, რომ წიგნი ზღაპრულ პერსონაჟებთან ერთად ჯადოსნურ სამყაროში გვამოგზაურებს. დიკეგო მარტივი ენით მოთხრობილი შესანიშნავი ამბავია დიდი გოლიათისა და პატარა სოფის ისტორიის შესახებ.
გოლიათთა მხარეში დიკეგოერთადერთი კეთილი გოლიათია. ის შუაღამისას მძინარე ბავშვებს საძინებლებში მხიარულ სიზმრებს უფრქვევს, ოღონდ არავინ უნდა დაინახოს, ხოლო თუ ვინმემ შეამჩნია... სწორედ სოფია ის, ვინც ერთ ღამეს დიკეგოს შეამჩნევს და ამის გამო გოლიათთა მხარეში აღმოჩნდება. აქ იწყება მისი ზღაპრული თავგადასავალიც და ბრძოლა კაციჭამია გოლიათების წინააღმდეგ...
2016 წელს ამერიკელმა კინორეჟისორმა სტივენ სპილბერგმა წიგნის მიხედვით ფილმი გადაიღო. სპილბერგი ჟურნალისტებთან საუბრის დროს ხშირად აღნიშნავს, რომ როდესაც ბავშვებისთვის ქმნი რამეს, მათ სუპერგმირებად უნდა იგრძნონ თავი, რათა დაიჯერონ, რომ ქვეყნად შეუძლებელი არაფერია. როალდ დალის სტივენ სპილბერგისეული ადაპტაცია უბრალო დამთხვევა არ ყოფილა: რეჟისორს პატარასობაშივე უყვარდა მწერლის ნაწარმოებები, უკვე ზრდასრული კი ხშირად უკითხავდა თავის შვილებსა და შვილიშვილებს მწერლის ნაწარმოებს.
დიდ კეთილ გოლიათს მხატვრულ ლიტერატურაში მისი დადებითი პერსონის გარდა გამოარჩევს ენა, რომელიც დალიმ სპეციალურად ამ პერსონაჟისთვის შექმნა. ზოგიერთ ქვეყანაში დიგეკოს ლექსიკონიც კი არსებობს. წიგნი ქართულად ციცო ხოცუაშვილმა თარგმნა და დიგეკოს სპეციფიკური ლექსიკაც საოცარი სიზუსტით მოარგო ქართულ ენას.
7. ტომ გეიტსის თავბრუდამხვევი სამყარო


"ტომ გეითსის თავბრუდამხვევი სამყარო" მსოფლიოში სახელგანთქმული სერიის პირველი წიგნია. წიგნი 2011 წელს დიდ ბრიტანეთში გამოიცა და მას შემდეგ 43 ენაზე ითარგმნა. ქართულენოვან გამოცემას აგვისტოს მეორე ნახევრიდან ვიხილავთ მაღაზიებში.
ტომი მეხუთეკლასელი ბიჭია, რომელიც დედასთან, მამასთან და უფროს დასთან ერთად ცხოვრობს. მას განსაკუთრებით უყვარს კარამელიანი ვაფლები, მუსიკალური ჯგუფი 3 ტიპი და ხატვა. სკოლისა და ოჯახი ამბებს ტომი სასაცილოდ გვიყვება და თავისივე ნახატებით აფორმებს. ამ ნახატებით შეიტყობთ, როგორ აბრაზებს ტომი დელიას – უფროს დას, სასაცილო გარეგნობის მასწავლებელს – მისის უორთინგტონს და როგორ იგონებს სხვადასხვა მიზეზებს თავის გასამართლებლად, რადგან საშინაო დავალების შესრულება ხშირად ავიწყდება.
8. მადიკენი


ასტრიდ ლინდგრენს, როგორც მწერალს, წარდგენა არ სჭირდება. მის შექმნილ უამრავ პერსონაჟს ვიცნობთ, რომელთა ისტორიაც მხოლოდ ერთ წიგნში კი არ სრულდება, არამედ აქვს გაგრძელებებიც. მადიკენის ამბავს "მადიკენი და იუნიბაკენელი კუდრაჭა" აგრძელებს.
როდესაც ასტრიდი შვიდი წლის იყო, შეხვდა ერთ გოგონას, რომელიც მის მეზობლად, დიდ თეთრ სახლში ცხოვრობდა. გოგონას ანემარია ერქვა და მოგვიანებით ასტრიდის საუკეთესო მეგობარი გახდა, მადიკენი მისი ზედმეტსახელია და სწორედ ის გახდა ამ წიგნის შთაგონება.
მადიკენი წითელ სახლში ცხოვრობს დედასთან, მამასთან და უმცროს დაიკო ლისაბეტთან ერთად. ლისაბეტი ყველაფერში მადიკენს ჰბაძავს და უფროს დას ყველგან თან დასდევს. მოკლედ, ისინი განუყრელები არიან და სხვაგვარად არც შეიძლება! აბა, ლისაბეტი იქ რომ არ ყოფილიყო, ვინ გააგებინებდა ძია ნილსონს, მადიკენი სახურავიდან ქოლგით რომ გადმოფრინდა და მიწაზე დაენარცხა; ხოლო როცა ლისაბეტმა ბარდის მარცვალი შეიტენა ცხვირში, სწორედ მადიკენი გაჰყვა მას ქალაქის ცენტრში, ექიმ ბერგლუნდთან.
მადიკენს ძალიანაც უნდა, წყნარი და დამჯერი ბავშვი იყოს, მაგრამ არაფრით გამოსდის. აბა, როგორ გამოუვა, როცა ამქვეყნად ამდენი საინტერესო გასართობია. ამიტომაცაა მისი ცხოვრება ნაირნაირი თავგადასავლებით სავსე. ამათგან ზოგი მათგანი ისეთი სახიფათოა, თუ არ წაიკითხავთ, ვერც კი წარმოიდგენთ.

9. მექანიკური გული



"ჰარი პოტერი" იყო წიგნი, რომელმაც პატარებს ჯადოსნური სამყარო უზომოდ შეაყვარა. მას შემდეგ წიგნის მაღაზიებში "საბავშვო ფენტეზის" თაროები ახალ-ახალი წიგნებით ივსება. სულ მალე ჩვენს მაღაზიებსაც ფანტასტიკური ამბებითა და ხიფათით სავსე წიგნი 'მექანიკური გული“ შეემატება.
"მექანიკური გული" სათავგადასავლო ფენტეზია, მისი ავტორი კი ცნობილი ინგლისელი ანიმატორი, კინორეჟისორი და მწერალი პიტერ ბანზლი გახლავთ.
ნაწარმოების მთავარი პერსონაჟები: განთქმული გამომგონებლის, ჯონ ჰარტმანის ქალიშვილი, კეთილი და გულადი გოგონა ლილი, მესაათის ვაჟი რობერტი და მექანიკური მელა მალკინი ბნელით მოცულ და სახიფათო სამყაროში აღმოჩნდებიან. "მექანიკური გული" სერიის პირველი წიგნია. ამ საოცარი თავგასავლის გაგრძელებას 2019 წლის დასაწყისში იხილავთ.
10. რობინ ჰუდი და დრაკულა (კომიქსები)



მშობლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა ბავშვების წიგნებით დაინტერესებაა. ისინი სულ უფრო ხშირად აღნიშნავენ, რომ პატარები ძალიან დიდ დროს ატარებენ ეკრანებთან – ფილმები, მულტფილმები, კომპიუტერული თამაშები განსაკუთრებით პატარებს იტაცებს. სულაკაურის გამომცემლობა თავის მიზნად კლასიკური ნაწარმოებების ბავშვებისთვის მიმზიდველი ფორმით გამოცემას ისახავს. ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზა კი კომიქსებია. 2018 წელს ჩვენი გრაფიკული რომანების სიას ორი საბავშვო კომიქსი დრაკულა და რობინ ჰუდი შეემატა. საინტერესო და სხარტი დიალოგებით მოთხრობილი კლასიკური სიუჟეტი ნებისმიერი ბავშვის ყურადღებას მიიპყრობს, ილუსტრაციები კი ბავშვებს ნაწარმოებების შინაარსის აღქმას გაუმარტივებს. კომიქსები ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა კითხვის ჩვევის გამოსამუშავებლად და წიგნებთან დასაახლოებლად.
ორიგინალური, ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული კომიქსი რობინ ჰუდი პატარებს შერვუდის ტყეში ამოგზაურებს. ტყეს ნოტინგემის ხარბი და გულქვა შერიფი მართავს და მოსახლეობას სიცოცხლეს უმწარებს. იქ რობინ ჰუდი ცხოვრობს, რომელიც თავის მეგობრებთან ერთად შერიფის წინააღმდეგ აჯანყებას ამზადებს. ეს გრაფიკული რომანი პატარებს შერვუდის ტყის ცნობილი ყაჩაღისა და მისი მეგობრების ისტორიას მათთვის საინტერესო ფორმით მოუთხრობს.
ამავე სერიის მეორე წიგნი - დრაკულა - ბავშვებს ტრანსილვანიის მაღალ მთებში მცხოვრები საზარელი გრაფის შესახებ უყვება. გრაფის სასახლეში სტუმრობისას ახალგაზრდა ადვოკატი ჯონათან ჰარკერი შემთხვევით შეიტყობს გრაფის საშინელ გეგმას – შექმნას მკვდართა არმია. შეძლებს ვამპირებზე მონადირე პროფესორი ვან ჰელსინგი ჯონათანისა და მისი მეგობრების დახმარებას და დრაკულას გეგმის ჩაშლას, თუ უკვე გვიანია? შთამბეჭდავი გრაფიკული რომანით მოთხრობილ ამ საინტერესო და შიშისმომგვრელ ისტორიას ბავშვები დიდი ინტერესით წაიკითხავენ.


საბავშვო ლექსების ავტორები



2 comments:

  1. საინტერესო მასალაა,ბევრის მთქმელი

    ReplyDelete
  2. ყოჩაღ,კარგი მასალაა

    ReplyDelete