ადრეულ ასაკში ბავშვზე, მის განათლებაზე თითქმის ყველა საზოგადოებაში,
ტრადიციულად, ოჯახი ზრუნავდა. მე-19 საუკუნის ევროპაში, ინდუსტრიალიზაციასთან
ერთად, რომელმაც ხელი შეუწყო ურბანიზაციასა და ქალთა
დასაქმების ზრდას, წარმოიშვა საჭიროება, ადრეულ ასაკში ბავშვსა და მის
განათლებაზე ზრუნვა ოჯახს სხვა ინსტიტუტთან გაეზიარებინა. ასეთი დაწესებულებები
მე-19 საუკუნის შუა ხანებში გაჩნდა შოტლანდიაში, საფრანგეთში,
გერმანიაში და ნელ-ნელა სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. დღეს უკვე ბევრ
განვითარებულ ქვეყანაში სკოლამდელი ასაკის ბავშვების უმრავლესობა
დღის მნიშვნელოვან ნაწილს ოჯახის გარეთ, სკოლამდელი განათლების
დაწესებულებებში ატარებს, ამიტომ მომავალი თაობის ჯანსაღი განვითარების
ხელშესაწყობად მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა სკოლამდელი
განათლების სექტორის განვითარებას.
ვინაიდან, სხვადასხვა ფაქტორის გამო, ბავშვები ერთნაირად „მომზადებულნი“
არ მიდიან სკოლაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სკოლის
შესაძლებლობას, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის განვითარებისა
და სწავლისთვის ხელსაყრელი პირობები. კვლევების საფუძველზე, განათლების
სპეციალისტები, აკერმანი და ბარნეტი (2005) გვთავაზობენ სკოლის
მზაობის სამ ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორს:
ბავშვისთვის აუცილებელი მხარდაჭერის უზრუნველყოფას. აღნიშნული,
შესაძლოა, გულისხმობდეს ერთგვარ გარდამავალ პროგრამებს,
ყველა ბავშვის მიმართ თანაბრად მაღალ მოლოდინებს, მოტივირებულ
მასწავლებლებს, რომლებიც მზად არიან, ინტერესებისა და შესაძლებლობების
შესაფერისი პროგრამა შეიმუშაონ.
სწავლებისა და სწავლის პროცესი, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია,
ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე, სწავლების მეთოდების
მოდიფიკაციის მნიშვნელობასა და მშობლის ჩართულობის
ხელშეწყობაზე. ამ მიზნით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება
მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას.
სკოლის ადაპტირების უნარი, რაც გულისხმობს სკოლის ძლიერ
მმართველობას, რომელიც ხელს უწყობს, ბავშვთა საჭიროებებისა და
ძლიერი მხარეების გათვალისწინებით, გარემოსა და პროგრამების
ადაპტირების პროცესს, აგრეთვე, სკოლასა და ოჯახს შორის, სკოლასა
და თემს შორის თანამშრომლობას.
ის, რაც სკოლაში ხდება, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ბავშვისა და მისი
ოჯახის დამოკიდებულებას სკოლისადმი, მათ ჩართულობას როგორც სკოლაში
შესვლის დროს, ისე მომდევნო წლებში. დიდია ალბათობა, რომ სკოლები,
რომლებიც ითვალისწინებენ ზემოთ აღნიშნულ ფაქტორებს, მზად
არიან არა ზოგიერთი, არამედ ყველა ბავშვის მისაღებად. სკოლის ცხოვრებაში
ბავშვის წარმატებული ჩართვა ითხოვს ოჯახსა და სკოლას შორის
აქტიურ თანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემას.
სკოლის მზაობისთვის უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს სათანადოდ
მომზადებული მასწავლებელი, რომელსაც ხელი მიუწვდება პროფესიული
განვითარების პროგრამებზე. ეს, თავის მხრივ, ხელს უწყობს ბავშვთა უნარების
განვითარებას, თითოეული ბავშვის მიმართ მაღალი მოლოდინების
შენარჩუნებას, ბავშვის განვითარების ხელშემწყობი ურთიერთობების
ჩამოყალიბებას. ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული პოზიტიური ურთიერთობები
და ძლიერი მენეჯმენტი სკოლის მზაობის ერთ-ერთი საფუძველია
საკლასო ოთახის გარემო დაწყებით
საფეხურზე
როგორ შეიძლება შევქმნათ ისეთი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს
შემეცნებასა და წიგნიერებას? როგორც ზემოთ აღვნიშნე, ასეთი გარემოს
შექმნა მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმ ბავშვებისთვის, რომელთა სასკოლო
მზაობა, წიგნიერებამდელი უნარ-ჩვევები სხვადასხვა მიზეზის გამო
ჩამოუვარდება სხვებისას. თუკი გარემო და სწავლების მეთოდები პირველი
კლასიდანვე მოსწავლის შესაძლებლობებზე იქნება მორგებული, უმრავლეს
შემთხვევაში, ის შეძლებს არახელსაყრელი საწყისი პირობების ზეგავლენის
გადალახვას. ამისათვის მასწავლებელს შეუძლია მარტივი, მაგრამ
ძალიან მნიშვნელოვანი დეტალების შეტანა საკლასო ოთახში.
დაამზადეთ მისაწებებელი ბარათები (იარლიყები) იმ საგნებისა და ავეჯისთვის,
რომლებსაც ხშირად იყენებენ ბავშვები. ასეთ ბარათებზე სიტყვებთან
ერთად სასურველია იყოს მიმანიშნებელი სურათებიც, რათა
მოსწავლეებს შეეძლოთ ნაწერის აღნიშნულთან დაკავშირება.
საკლასო ოთახში განათავსეთ მსხვილი ასოებით გამოყვანილი სახალისო
ანბანი, კალენდრები, ნიშნები, მიმართულების აღმნიშვნელი ნიშნები,
რომელთა ვერბალიზებას ბავშვები ყოველდღიურად ახდენენ. შესაძლოა
ისეთი ნივთების განთავსებაც, რომელთა დანიშნულება პირდაპირ არ
უკავშირდება სასწავლო მიზნებს, თუმცა ხელს უწყობს ბავშვის წიგნიერებას,
მაგალითად: სატელეფონო ცნობარი, კულინარიული წიგნი და ა.შ.
მოსწავლეთა ინტერესების და მიცემული დავალებების შესაბამისად, მიაწოდეთ
მათ საჭირო რესურსები, რათა დამოუკიდებლად ან თქვენი დახმარებით
შეძლონ ინფორმაციის მოძიება. ასეთი რესურსებია: წიგნები,
ლექსიკონები, ენციკლოპედიები, კომპიუტერი და ა.შ. კლასში ბავშვებს
შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, გაეცნონ როგორც მხატვრულ, ისე სხვა
წიგნებს.
სწავლისათვის ხელშემწყობი გარემოს შესაქმნელად მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა
მიზნობრივად, სასწავლო თემიდან გამომდინარე, შეარჩიოს
საკლასო ოთახში განსათავსებელი მასალები. წერა-კითხვის შესწავლის
პროცესში სასურველია, ბავშვებს მიეცეთ შესაძლებლობა და შესაბამისი
რესურსები იმისათვის, რომ ახალი უნარების დაუფლებისას გამოიყენონ
საკლასო ოთახის გარემო დაწყებით საფეხურზე
22
სხვადასხვა, მათთვის მეტად სახალისო მასალა: მაგალითად, წერის დროს
– კალამი, ფლომასტერი, ფანქარი, პასტელი, კითხვის დროს – ტაქტილური
წიგნები, წარწერებიანი კუბურები და ა.შ.
მკვლევარების აზრით, კარგად მოწყობილი საკლასო ოთახის სივრცე
გულისხმობს შემდეგ ელემენტებს:
საკლასო ოთახში გამოყოფილია სივრცეები, რომლებსაც თავისი დანიშნულება
აქვთ და მოსწავლეებმა იციან, როგორ მოიქცნენ თითოეულ
მათგანში. მაგალითად, მოსწავლეთა პირადი სივრცე (ადგილი მერხთან),
სივრცე ჯგუფური აქტივობებისთვის, დასასვენებელი ადგილი, მასალების
შესანახი სივრცე, საგამოფენო სივრცე და ა.შ.
აკადემიური სწავლების პროცესში და შესაბამისი დავალებების შესრულებისას
მოსწავლეთა მერხები რიგობრივად უნდა იყოს განლაგებული,
ხოლო ჯგუფებში მუშაობის დროს მერხების ღია წყობაა უმჯობესი, რაც
ხელს უწყობს სოციალურ ინტერაქციას.
გაკვეთილის განმავლობაში თითოეული მოსწავლე უნდა ხედავდეს მასწავლებელს
და პირიქით, მასწავლებელი – თითოეულ მოსწავლეს.
სასურველია მოსწავლეთა მერხების ისე განლაგება, რომ არ გადაიტვირთოს
საერთო სივრცე. აგრეთვე, ასეთ სივრცესთან (მაგ., ნაგვის ყუთთან)
ახლოს სასურველია, არ ისხდნენ ის მოსწავლეები, რომლებსაც
ადვილად ეფანტებათ ყურადღება.
სასურველია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების და ქცევითი
პრობლემების მქონე მოსწავლეების მასწავლებლის მაგიდასთან ახლოს
განთავსება. ეს არა მხოლოდ მათი პრობლემების ხშირი მონიტორინგის
საშუალებას იძლევა, არამედ ყოველი წარმატების შემთხვევაში
– შექებისა და წაქეზების შესაძლებლობასაც.
საკლასო ოთახის სივრცე მოწესრიგებული და კარგად ორგანიზებული
უნდა იყოს.
სკოლაში სწავლისათვის აუცილებელი ისეთი პირობები, როგორიცაა კომფორტული
მერხი, სკამი, სითბო, სისუფთავე და ა.შ. არ ნიშნავს იმას, რომ
თითოეული მოსწავლისთვის სწავლაც ადვილი და „კომფორტული“ იქნება.
რაღა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი
ადვილად განხორციელებადი დეტალების საშუალებით, მასწავლებლებს
შეუძლიათ ისეთი გარემოს შექმნა, სადაც სწავლისადმი ყველაზე
ნაკლებად მოტივირებულ მოსწავლეებსაც კი სწავლის ხალისი გაუჩნდებათ
კითხვის მნიშვნელობა
კითხვის მნიშვნელობა მხოლოდ მოცემული ტექსტის გააზრებით არ შემოიფარგლება.
კითხვა, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, დიდ ზეგავლენას
ახდენს სხვადასხვა კოგნიტური უნარის განვითარებაზე. აღნიშნული ზეგავლენის
ხარისხი დამოკიდებულია კითხვის მოცულობაზე, ანუ იმაზე, თუ რამდენად
ბევრს კითხულობს ბავშვი.
მასწავლებელმა კარგად იცის, რომ ბავშვები ერთმანეთისგან განსხვავდებიან
კითხვის უნარის ფლობის თვალსაზრისით. მკვლევარები ხაზს უსვამენ
ბეჭდურ მედიასთან ურთიერთობის მნიშვნელობას ადრეულ ასაკში. წიგნის
და, ზოგადად, კითხვის მიმართ ადამიანის დამოკიდებულება ხშირად განპირობებულია
იმით, თუ რამდენად ინტენსიურად და რა სიტუაციებში ჰქონდა
ბავშვს, სკოლამდელ ასაკში, ნაბეჭდ მასალებთან შეხება (მაგალითად,
რამდენად ხშირად უკითხავდნენ წიგნებს, ან რამდენად უკავშირდებოდა
წიგნის კითხვა სხვა სასიამოვნო პროცესებს). კითხვის უნარის დაუფლების
პროცესში მნიშვნელოვანია მიბაძვის ფაქტორი: ბავშვის გარშემო მკითხველების
არსებობა ხშირად აისახება კითხვის მიმართ მის დამოკიდებულებაზე
მომდევნო წლებში.
კითხვის უნარის განვითარების შეფერხების მიზეზი, რიგ შემთხვევებში, არასაკმარისი
და არასათანადო სწავლებაა. აქედან გამომდინარე, განათლების
მიღების საწყის ეტაპზე მასწავლებლის როლი ძალიან მნიშვნელოვანია,
განსაკუთრებით სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებთან მიმართებაში.
ბავშვებს კითხვას იმისთვის ვასწავლით, რომ მათ ცოდნის მიღება შეძლონ.
საწყის ეტაპზე კითხვა ბავშვის მხრიდან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ნელნელა
კი ის ავტომატურ პროცესად ყალიბდება. ადრეულ ასაკში კითხვის
უნარის განვითარების შეფერხება და სიტყვის აღქმისა და გაშიფვრის საკითხვის
მნიშვნელობა
სირთულე ბავშვს კითხვის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას უჩენს, რის
გამოც კითხვის ავტომატიზაციის პროცესი ფერხდება.
კრიტიკული აზროვნების განვითარება
დაწყებითი განათლების საფეხურზე
ბოლო ათწლეულების მანძილზე კრიტიკული აზროვნების განმარტებამ
მცირე ცვლილებები განიცადა. ერთ-ერთი მოსაზრებით, კრიტიკული აზროვნება
წარმოადგენს ფაქტების ანალიზის, იდეების ორგანიზების, შეხედულებების
დაცვის, შედარებების გაკეთების, დასკვნების გამოტანის, არგუმენტების
შეფასებისა და პრობლემების გადაჭრის უნარს. სხვა განმარტების
მიხედვით, ეს არის მსჯელობის გზა, რომელიც მოითხოვს პიროვნების შეხედულებების
შესაბამისი არგუმენტებით გამყარებას და მისი მოსაზრების
სიმტკიცეს, სანამ საწინააღმდეგო შეხედულებას მყარი საფუძველი არ ექნება.
მესამე მოსაზრების მიხედვით, კრიტიკული აზროვნება წარმოადგენს
ლოგიკურ, რეფლექსურ აზროვნებას, რომლის მიზანია, გადავწყვიტოთ: რა
დავიჯეროთ და რა – არა.
როგორ შეიძლება შევუწყოთ ხელი მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების
უნარის განვითარებას?
მასწავლებელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი აკისრია დაწყებითი
კლასების მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნებისა და ამოცანების
გადაჭრისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების პროცესში. პედაგოგისთვის
გამოწვევას წარმოადგენს ამ მნიშვნელოვანი მიზნის მოსწავლის
განვითარებისთვის შესაფერის აქტივობებად „გადაქცევა“. ამ მიზნის
მიღწევა შესაძლოა ზედმეტად რთული მოგვეჩვენოს, თუმცა, ხშირ შემთხვევაში,
ის მხოლოდ მცირე ცვლილებას მოითხოვს არსებულ მიდგომაში.
მასწავლებლებს შეუძლიათ ყოველდღიურად შექმნან ისეთი გარემო, სადაც
მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, მოახდინონ სამუშაო მასალის
იდენტიფიცრება, სხვადასხვა მახასიათებლის ანალიზი, მსგავსებებისა და
განსხვავებების აღმოჩენა. აგრეთვე, მასწავლებლებს შეუძლიათ დროისა და სივრცის გამოყოფა გონებრივი იერიშისა თუ გეგმების დაწყობისა და
შემოწმებისთვის. გთავაზობთ იმ გზებს, რომელთა საშუალებით მასწავლებელი
დაეხმარება მცირეწლოვან მოსწავლეებს, იმუშაონ ამოცანებზე და
ისწავლონ საკუთარ აღმოჩენებზე დაყრდნობით.
იმის ნაცვლად რომ მზა პასუხები შესთავაზოთ მოსწავლეებს, ყველაზე
მარტივი საკითხებიც კი წარუდგინეთ როგორც ამოცანა, რომელიც თავად
უნდა გადაჭრან. უმცროს ასაკში ბავშვები ადვილად ღიზიანდებიან, თუ, მაგალითად,
ვერ ნახეს სკამი დასაჯდომად, ფანქარი, რომელიც მოსწონთ, ან
შემთხვევით გაეხათ რვეული. მარტივია, უბრალოდ, ვუთხრათ: „აიღე, აი,
ის სკამი“, „აი, აქ არის წითელი ფანქარი“, „აიღე წებო და დააწებე“, მაგრამ
ბევრად უფრო უკეთესი და მიზანშეწონილია, შემდეგნაირად ვუპასუხოთ:
„აბა, მოვიფიქროთ, როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა?“ მივცეთ მოსწავლეს
საშუალება, გამოთქვას საკუთარი აზრი, გამოსცადოს საკუთარი
სტრატეგია, მიუხედავად იმისა, მიაჩნია თუ არა მასწავლებელს ეს ვერსია
საკითხის გადაჭრის საუკეთესო გზად. შესაძლოა პრობლემის მოგვარების
გეგმა სრულყოფილი არ იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ,
როგორც წესი, მოსწავლეები ამაყობენ პრობლემების გადაჭრის საკუთარი
მცდელობებით.
ყოველთვის შეეცადეთ, გონებრივი იერიშისთვის გამოყოთ დრო. სანამ წაიკითხავდეთ
რაიმე წიგნს, სახელმძღვანელოს, გარკვეული დრო დაუთმეთ
წიგნის ყდაზე საუბარს და მიეცით ბავშვებს საშუალება, იმსჯელონ მასზე.
ყურადღება მიაქცევინეთ მათ ყდაზე ასახულ სიტუაციასა და გმირებზე. თუ
წიგნს პეიზაჟი ახატია, ჰკითხეთ ბავშვებს, რის შესახებ შეიძლება იყოს მოთხრობილი
წიგნში. მიეცით შესაძლებლობა მოსწავლეებს, გონებრივი იერიშის
საშუალებით შექმნან იმ მოვლენების, გმირების, ნივთების ჩამონათვალი,
რომლებიც, სავარაუდოდ, წიგნში შეხვდებათ. ჩაინიშნეთ მათი პასუხები
და მოგვიანებით მიუბრუნდით მათ. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ასაკში
კრიტიკული მსჯელობა, უმეტესწილად, ხმამაღლა ხდება, სასარგებლოა, ჩანაწერებით
მიადევნოთ თვალი მოსწავლეთა განვითარებას.
შეადარეთ და დააპირისპირეთ მოვლენები, საგნები. შეადარეთ და განასხვავეთ
ნივთები, მაგალითად, ხატვის გაკვეთილზე – ფუნჯი და „ღრუბელი“
კრიტიკული აზროვნების განვითარება დაწყებითი განათლების საფეხურზე
30
(საღებავებით ხატვისთვის საჭირო ნივთი). იმსჯელეთ ბავშვებთან ერთად,
როგორ შეიძლება მათი გამოყენება, რა აერთიანებთ, რა განასხვავებთ
ერთმანეთისგან. შეადარეთ სხვადასხვა საგნის ზომები, ფორმები, ფერები,
გემო. შეადარეთ გუშინდელი და დღევანდელი ამინდი, არგონავტების
გემი და თანამედროვე სამგზავრო გემი, ციფრი 6 და ციფრი 9. შეადარეთ
ორი სიტყვა ასოებისა და მარცვლების რაოდენობის, პირველი და ბოლო
ასოების, ან მნიშვნელობების მიხედვით. წაახალისეთ ბავშვები, ყურადღებით
დაუკვირდნენ დეტალებს და იფიქრონ მათ დანიშნულებასა და მნიშვნელობაზე.
დაახარისხეთ. დაახარისხეთ ნივთები ისე, რომ თითოეული მოსწავლის
მოსაზრება გაითვალისწინოთ. თუ ბავშვებს დაავლებთ, სამი ნივთიდან –
სახაზავი, „სკოჩი“ და შოკოლადის ფილა – ამოირჩიონ ზედმეტი, რომელიც
სხვა ნივთების კატეგორიას არ მიეკუთვნება, ზოგიერთმა შესაძლოა
შოკოლადის ფილა ამოირჩიოს, რადგან მისი შეჭმა შეიძლება, სხვა ნივთებისა
კი – არა. სხვა მოსწავლეებმა შესაძლოა აირჩიონ „სკოჩი“, რადგან
ის მრგვალია, განსხვავებით დანარჩენი ორი ოთხკუთხედი საგნისგან.
დაუშვით ორივე პასუხის სისწორე და ჩაეძიეთ ბავშვებს. მნიშვნელოვანია
არა პასუხი, არამედ მსჯელობისა და საკუთარი თავისთვის კითხვების
დასმის პროცესი.
წაახალისეთ შემოქმედებითობა. სასურველია, მოსწავლეებს მასწავლებლის
მიერ მომზადებული პროექტები კი არ მიაწოდოთ, არამედ მისცეთ მათ
მასალის (მაგ., რამდენიმე სახის წიგნი, პლაკატები, გაზეთიდან ამოჭრილი
სურათები) და სამუშაო ინსტრუმენტების (მაკრატელი, ფუნჯები, წებო, ფანქრები)
ფართო არჩევანი. განუსაზღვრეთ მხოლოდ ზოგადი მითითებები. მაგალითად,
თუ მოსწავლეებს ეტყვით, რომ გარკვეული ზომის თოვლის ბაბუა
გააკეთონ, დავალების შესასრულებლად მათ დასჭირდებათ თოვლისა
და გაზომვის შესახებ საკუთარი ცოდნის გათვალისწინება. მოსწავლეებმა
უნდა გაითვალისწინონ შეთავაზებული მასალის შესაძლებლობები; უნდა
შეაფასონ საკუთარი მოტორიკის ძლიერი და სუსტი მხარეები. მათ უნდა
დასახონ მოქმედების გეგმა, გამოცადონ ის და გამოძებნონ საკითხის გადაჭრის
გზა. ისინი უნდა იქცნენ კრიტიკულად მოაზროვნეებად – მათ უნდა
შექმნან თოვლის ბაბუა.
ასწავლეთბავშვებს კრიტიკულად მსჯელობა სასწავლოგეგმისფარგლებში.
საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეებმა შესაძლოა შექმნან რომელიმე
ცხოველის/ცხოველების ბუნებრივი საცხოვრებელი გარემო; მათემატიკაში
– თანაკლასელებს თანაბრად გაუყონ სხვადასხვა ზომის ორცხობილები;
საზოგადოებრივ საგნებში – შექმნან სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული
ტანსაცმლის რუკა და ა.შ. კრიტიკული აზროვნება მნიშვნელოვანია კითხვის
შესწავლის პროცესშიც, ვინაიდან ხელს უწყობს წაკითხულის გაგებასა და
ამბავის შემეცნებას. დაავალეთ ბავშვებს, განსხვავებულად შეხედონ გმირს
ან აღწერილ სიტუაციას და სთხოვეთ, სხვა თვალთახედვით მოყვნენ ამბავს.
წერილობითი ენა – სიტყვები, განმარტებები, წესები – აგრეთვე მნიშვნელოვან
პოტენციალს წარმოადგენს კრიტიკულად მოაზროვნისათვის. როდესაც
მოსწავლეები ამოცანების გადასაჭრელად ან შედეგის მისაღწევად წერილობით
ენას იყენებენ, შედეგი უფრო თვალსაჩინო და დასამახსოვრებელია.
დაეხმარეთ მოსწავლეებს, გაიხსენონ და გააანალიზონ ის, რაც უკვე იციან
მოცემული თემის შესახებ. შეუწყეთ ხელი მათ, ზეპირი და წერითი სამუშაოების
მეშვეობით, შექმნან ნაცნობი კონტექსტი ახალი ინფორმაციის ასათვისებლად
და საკუთარი მოსაზრებების სხვებისთვის გასაზიარებლად.
დაეხმარეთ მოსწავლეებს, გააცნობიერონ შეხედულებების არაობიექტურობა
და შეძლონ „გახსნილი გონებით“ საკითხის შეფასება. ჩამოაწერინეთ
შეხედულებები კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ შეფასება
დაავალეთ მოგვიანებით, როდესაც ისინი მეტი ინფორმაციის შეგროვებას
შეძლებენ.
დასვით ღია კითხვები. დახურული კითხვებისგან განსხვავებით, ღია კითხვებს
არ მოჰყვება სავარაუდო პასუხები. სწორად ფორმულირებული ღია
კითხვები მოსწავლეებს უბიძგებს საკითხის გაანალიზებისკენ, აზრების შეჯერებისა
და შეფასებისკენ.
უხელმძღვანელეთ მოსწავლეებს ძიების პროცესში. დაეხმარეთ მათ, გამოიყენონ
ინფორმაციის სხვადასხვა წყარო იმისათვის, რომ ახსნან მოვლენები
და გაამყარონ საკუთარი არგუმენტები. ასწავლეთ და დაეხმარეთ
კრიტიკული აზროვნების განვითარება დაწყებითი განათლების საფეხურზე
32
მოსწავლეებს ინფორმაციის წყაროების სანდოობის გარკვევაში. აუხსენით
მათ, რომ არ არსებობს ერთადერთი და შეუცდომელი წყარო. ერთსა და
იმავე საკითხის შესახებ რამდენიმე წყაროდან ინფორმაციის მიღებით მოსწავლეები
აღმოაჩენენ, რომ ხშირად არსებული ინფორმაციები ურთიერთსაწინააღმდეგო
და ურთიერთგამომრიცხავია.
დაეხმარეთ მოსწავლეებს შეფასების კრიტერიუმების ჩამოყალიბებაში.
როდესაც მოსწავლეები ინფორმაციის წყაროებს ერთმანეთს ადარებენ და
სწავლობენ, რომ შეხედულებებს ლოგიკური არგუმენტებით გამყარება
სჭირდება, მათ კრიტიკულად მსჯელობის უნარი უვითარდებათ.
მასწავლებელი კარგად უნდა აცნობიერებდეს მსჯელობის უნარის მნიშვნელობას
და ხელს უნდა უწყობდეს მის განვითარებას სკოლაში სწავლის
პირველივე წლებში. დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებს შესწევთ უნარი,
ჩამოაყალიბონ საკმაოდ რთული მოსაზრებები, რომლებიც ხშირად მასწავლებელთა
მოლოდინს აჭარბებს. ამის მიზეზი, გარკვეულწილად, მდგომარეობს
იმაში, რომ ადრეულ ასაკში ბავშვები ნაკლებად არიან შეზღუდულნი
წინასწარ ჩამოყალიბებული შეხედულებებით, უფრო გახსნილები არიან
სამყაროს შესაცნობად და უმრავლეს შემთხვევაში, გულწრფელად სჯერათ,
რომ ყველაფერი შესაძლებელია.
ბლოგი არის ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალება .ის აქტიურად მუშაობს და მოიცავს ვრცელ, არსებით ინფორმაციასაც და განსაზღვრებებს საგნის სწავლების მეთოდოლოგიასა და მიდგომებთან დაკავშირებით.აქ არის განთავსებული ტესტები, წიგნიერების კალენდარული გეგმების ნიმუშები,საკონფერენციო თემები და სხვა. ელექტრონული რესურსი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს და კოლეგებს აქტიურად ჩაერთონ სასწავლო პროცესის მიზნების მიღწევაში.
Pages
- Home
- ჩემი რეზიუმე
- სასწავლო მეთოდოლოგია და მიდგომები
- პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
- ჩემი მოსწავლეები
- სადამრიგებლო პროგრამა
- სილაბუსები
- სამოდელო გაკვეთილი
- სასკოლო კლუბი
- სასკოლო კლუბი-2
- სასწავლო ელექტრონული რესურსები
- სასკოლო წრე
- ტესტები
- საბავშვო ლიტერატურა
- ანდაზები
- შეფასების რუბრიკები
- დაწყებითების მასწავლებლებისათვის
No comments:
Post a Comment